საქართველოს ნაკრებთან წაგებული ამხანაგური მატჩის (0:2) შემდეგ, კომენტარი ლიეტუვის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ედგარას იანკაუსკასმა გააკეთა:
“ჩემი ფეხბურთელების თამაშით კმაყოფილი ვარ, შედეგით – არა. ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა, რომელსაც გარდა პირადი დუელებისა, არაფერი დავუთმეთ. ცხადია, ქართველები უფრო ტექნიკურები არიან, უკეთესი შემსრულებლები ჰყავთ, შესაძლოა, ისინი უფრო მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა. მთავარი ამოცანა შევასრულეთ, მათი ყველაზე სახიფათო შემტევი გავანეიტრალეთ. თუნდაც ერთი გოლის გასატანად საკმაო მომენტები შევქმენით. თუმცა, შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ.
გარდამტეხი პენალტი გამოდგა. ისინი იერიშებზე სწრაფად გადადიან. არ უნდა გაგვერისკა და წინ დიდი ძალებით არ უნდა წავსულიყავით. ამ შეხვედრას ამხანაგურს ვერ დავარქმევ. ორივე გუნდისთვის გამარჯვება მნიშვნელოვანი გახლდათ. მათი ლიდერი ორთაბრძოლების სიხისტის გამო უკმაყოფილებას გამოხატავდა. უბურთოდ პრესინგისას აგრესიულად ვმოქმედებდით, არც მოწინააღმდეგეს დაუზოგავს თავი. საქართველოს ნაკრებს აქამდე ექვსი მატჩი არ ჰქონდა მოგებული და დავინახეთ, როგორ დაძაბულ ორთბრძოლებს ჰქონდა ადგილი, ტრავმის მიღებაზე არავინ ფიქრობდა, ქართველების მიზანი ნებისმიერ ფასად გამარჯვება იყო, ეს მათი მოქმედებით და მსაჯზე ზეწოლით იგრძნობოდა“.
წყარო: Sportall.ge
