მანუჩარ მარკოიშვილს, რომელმაც მონაკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სახელოვანი ვასილის სპანულისი შეცვალა, დიდებული შედეგები აქვს. საკადრო პრობლემების მიუხედავად, ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ფრანგულმა კლუბმა ევროლიგაში სამივე მატჩი მოიგო და პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. მონაკოს წარმატების ფორმულაზე Eurohoops-ის თურქი მიმომხილველი აიკუტ კადიოღლუ წერს.
“არ არის მაიკ ჯეიმსი, არ არის ნიკოლა მიროტიჩი, თუმცა, მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც მონაკოს მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვასილის სპანულისი შეცვალა, გუნდს ევროლიგაში სამივე მატჩი მოაგებინა. ნუთუ ფინანსური პრობლემები, რომლებზეც ბერძენი სპეციალისტი მუდმივად აპელირებდა, გაქრა? იქნებ პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობდა?
როგორ მოხდა, რომ მონაკომ, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ყველასთან აგებდა, ჯერ ოლიმპიაკოსს სძლია, შემდეგ ანადოლუ ეფესს, ბოლოს კი მილანს. არ დაგვავიწყდეს, რომ ოლიმპიაკოსი ტურნირის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია, ანადოლუ ეფესთან მონაკოელები საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე 10 ქულას აგებდნენ, ხოლო მილანს დასკვნითი მეოთხედის სტარტზე 12 ქულით ჩამორჩებოდნენ.
ცხადია, რომ მონაკოს წარმატებული სერია როდესმე შეწყდება, თუმცა, სახეცვლილება, რომელიც ამჟამინდელმა მონაკომ განიცადა, აშკარაა. საქმე მხოლოდ მოგებასა და წაგებაში არაა. მთავარი ის მონდომებაა, რომელსაც მარკოიშვილის ხელში კალათბურთელები აჩვენებენ. ჩვენ თვალს ვადევნებთ გუნდს, რომელიც ყველა მომენტში ბოლომდე იბრძვის.
3-დან 3 მოგება – დიდებული შედეგია გუნდისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მთავარი ვარსკვლავების მაიკ ჯეიმსისა და ნიკოლა მიროტიჩის გარეშე თამაშობს. შედარებისთვის, მაშინ, როდესაც გუნდს სრული შემადგენლობა ჰყავდა, სპანულისის ხელმძღვანელობით, ბოლო 8-დან 7 მატჩი წააგო”.
მონაკოს ევროლიგის 33 ტურში 19 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და ძალიან ახლოს არის საუკეთესო ექვსეულში შესვლასთან, რა შემთხვევაშიც პლეი ოფის ავტომატურ საგზურს მოიპოვებს. ფრანგული კლუბის იდენტური ბალანსი გააჩნიათ ჟალგირისს (ლიეტუვა), პანათინაიკოსსა (საბერნეთი) და ბარსელონას (ესპანეთი). დამატებითი მაჩვენებლებით მე-6 ადგილზეა ჟალგირისია, შემდეგ კი, სწორედ მონაკო მოდის.
მარკოიშვილის ხელმძღვანელობით, ფრანგული კლუბი რეგულარულ სეზონში კიდევ ხუთ უმნიშვნელოვანეს მატჩს ჩაატარებს: პანათინაიკოსთან (27 მარტი), დუბაისთან (2 აპრილი), ვილერბანთან (8 აპრილი), ბარსელონასთან (10 აპრილი) და ჰაპოელ თელ ავივთან (17 აპრილი). მონაკოს დასკვნითი 3 თამაში შინ ელის და ეს, სოლიდური უპირატესობაა.
წყარო: Betsson.sport
