სხვა

‘ერთად ყველაფერს შევძლებთ’ – საბა გოგლიჩიძე პლეი ოფში მოხვედრის შანსზე

ინგლისის ჩემპიონშიპის 39-ე ტურში უოტფორდი ლესტერს დაუპირისპირდება და ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

მნიშვნელოვაინ მატჩის წინ ინგლისური კლუბის პრესსამსახურთან საბა გოგლიჩიძემ ისაუბრა, რომელმაც ილაპარაკა, როგორც ლესტერთან შეხვედრაზე, ისე გულშემატკივრების მნიშვნელობაზე.
საბა ამბობს, რომ ჩემპიონშიპში კალენდარი გადატვირთულია, მაგრამ გუნდი ეხმარება, რომ ყველა შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა და ბოლომდე დაიხარჯოს.

“ჩემპიონშიპში ბევრი თამაშია, მაგრამ გუნდი დამეხმარა – მთელი პერსონალი და ფიტნეს პერსონალი. ჩვენი გულშემატკივრები დიდ ენერგიას მაძლევენ. მატჩების ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში გულშემატკივრებთან ერთად ვთამაშობ, მათგან ენერგიას ვიღებ და სწორედ ამიტომ შევძელი ბოლო სამ თამაშში 90 წუთი მეთამაშა. ჩვეულებრივ, ფეხბურთში ხალხი ფიქრობს, რომ იჯარით დამატებულ ფეხბურთელებს გუნდი დიდად არ ადარდებთ. თუმცა, მიყვარს ეს გუნდი და გულშემატკივრები, ვგრძნობ მათ ენერგიას. მინდა მადლობა გადავუხადო მათ, რადგან ისინი სტადიონზე მოდიან, 90 წუთის განმავლობაში ჩვენთან არიან და ამისთვის მადლიერი ვარ. ასე უნდა გავაგრძელოთ და ერთად ყველაფერს შევძლებთ”, – ამბობს საბა.

გოგლიჩიძემ ხაზი გაუსვა სწორი მენტალიტეტით თამაშის მნიშვნელობას. მისი თქმით, ეს სეზონის ამ ეტაპზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტაქტიკა ან სხვა კომპონენტები:

“ასეთ მატჩებში მთავარი მენტალიტეტია. საქმე ტაქტიკაზე დიდად არ არის დამოკიდებული. ხარისხის თვალსაზრისით, ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს. ვრექსემთან თამაშში ჩვენი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. თუ ყოველ თამაშში ასე ვითამაშებთ, ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ არასდროს უნდა დავნებდეთ, რადგან ამის გაკეთება შეგვიძლია. თუნდაც 1%-იანი შანსი გვქონდეს, უნდა ვეცადოთ. გვჭირდება ერთნაირი მენტალიტეტი და ერთმანეთის ნდობა. მაღალი ხარისხის მოთამაშეები გვყავს და უნდა დავრჩეთ ერთად, რადგან ერთი ოჯახი ვართ. თუ ერთად ვიქნებით, შეგვიძლია ლესტერის და ყველა გუნდის წინააღმდეგ გამარჯვება”.

ლესტერს მძიმე პერიოდი აქვს, ბოლოსწინა ადგილზეა, გასავარდნ ზონაში და დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშეა. თუმცა, გოგლიჩიძე ფიქრობს, რომ სწორედ ამიტომ რთული თამაში იქნება:

“როდესაც პატარა ვიყავი, მახსოვს, ლესტერმა პრემიერლიგა მოიგო. ჯეიმი ვარდი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო და სერია A-ში მის წინააღმდეგ ვითამაშე. ლესტერი დიდი გუნდია. ისინი სატურნირო ცხრილის ბოლოში არიან, მაგრამ დიდი სახელის გუნდია და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადვილი თამაში იქნება. შესაძლოა, ვრექსემთან შედარებით, ეს უფრო რთული თამაში იყოს”, – დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ საბა გოგლიჩიძე უოტფორდს ზამთრის სატრანსფერო პერიოდში უდინეზედან სეზონის ბოლომდე იჯარით შეუერთდა. ქართველმა მცველმა ინგლისურ კლუბში დღემდე 7 მატჩი ჩაატარა. უოტფორდი 55 ქულით მეცხრე ადგილზეა, ლესტერს კი 21 მარტს დაუპირისპირდება.

წყარო: Betsson.sport