ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პარი სენ-ჟერმენმა ჩელსი ლონდონშიც ადვილად დაამარცხა – 3:0. ორრაუნდიანი ბრძოლის ბედი პრაქტიკულად ხვიჩა კვარაცხელიამ გადაწყვიტა, რომელმაც ჯერ პირველ თამაშში ნახევარ საათში დუბლი და საგოლე პასი მიითვალა, ხოლო საპასუხო შეხვედრაში მე-6 წუთზე დააწინაურა თავისი გუნდი და მერეც ძალიან აქტიური გახლდათ – ინგლისურ გუნდთან ორივე მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად უეფამ ქართელი ვარსკვლავი დაასახელა, რაც ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს.
კვარაცხელიაზე ისაუბრა ცნობილმა ფრანგმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა, რომელმაც გამოარჩია კვარას ფიზიკური სიძლიერე – აღნიშნა, რომ ის ორთაბრძოლებში ძალიან ძლიერია.
“მას არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემები აქვს. შეუძლია წინ და უკან სირბილი. ყველა მიმართულებით მოძრაობს. დუელებში ძლიერია. სუსტი ჩანს, მაგრამ დუელში რომ შედის, ძლიერია. გარდა ამისა, ტექნიკაც აქვს… ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ასეთ მატჩებში ის ჩვეულებრივზე უფრო მონდომებულია, განსხვავებას ქმნის”, – აღნიშნა დომენეკმა, რომელიც საფრანგეთის ნაკრებს 2004-2010 წლებში წვრთნიდა და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე 11 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი და 4-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. ყველა ტურნირზე მან 36 თამაშში 12 გოლი და 7 ასისტი მიითვალა. პსჟ-ს მაისურით კვარას აქტივში სულ 20 გოლია, ნახევარი (10) ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა.
ხვიჩას კარიერაში 12 გოლი აქვს ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, საიდანაც 2 ნაპოლიში გაიტანა (2022-2023 წლების სეზონში), 3 გასულ სეზონში პსჟ-ს რიგებში და მიმდინარე სეზონში უკვე 7-ჯერ გამოიჩინა თავი.
პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი მამარდაშვილის ლივერპულს შეხვდება, რომელთანაც კვარას ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე მეტჯერ აქვს ნათამაშები – ოთხჯერ (ორჯერ ნაპოლის და ორჯერ პსჟ-ს მაისურით).
წყარო: Betsson.sport
