Site icon sportmedia.live

დოლიძემ, ევლოევმა და მერფიმ წონები ჩააბარეს – რა გველის ლონდონში

შერეული ორთაბრძოლების ლიდერი ლონდონში ბრუნდება და მასთან ერთად ასპარეზობას ჩვენი სპორტის არაერთი საკვანძო ფიგურა უბრუნდება. მათ შორის, რომან დოლიძე, მოვსარ ევლოევი და ლერონ მერფი.

თუმცა, სანამ UFC-ის ვარსკვლავები ოქტაგონზე შემოაბიჯებენ, მათ, ტრადიციულად, ნამდვილ მეტოქეებზე არანაკლებ სერიოზული ოპონენტის დამარცხება უწევდათ – სასწორის. საბედნიეროდ, ინგლისის დედაქალაქში გამართულმა აწონვების ოფიციალურმა ცერემონიამ მთავარი დაპირისპირებების მონაწილეებისთვის უპრობლემოდ ჩაიარა.

დაუმარცხებელმა ინგლისელმა ლერონ მერფიმ (17-0), რომელიც ტურნირის მთავარ ბრძოლაში ასევე დაუმარცხებელ მოვსარ ევლოევს (19-0) დაუპირისპირდება, ცერემონია იდეალურად გახსნა – მებრძოლმა 145 ფუნტი (65,8 კგ) უპრობლემოდ ჩააბარა. არაა გამორიცხული, მერფის მხრიდან საჩემპიონო წონის დაფიქსირება ორგანიზაციისთვის ერთგვარი გზავნილი იყოს – MMA მოყვარულთა უმეტესობის თვალში, მერფის და ევლოევის ბრძოლაში ქვემსუბუქი წონის ტიტულის შემდეგი პრეტენდენტი და ალექსანდრ ვოლკანოვსკის მომავალი ოპონენტი უნდა გაირკვეს. რაც შეეხება ევლოევს, ინგუშმა მაქსიმალური დაშვებული ლიმიტით ისარგებლა და 146 ფუნტი (66.2 კგ) აჩვენა. 

თუმცა, ქართველი MMA მოყვარულების ყურადღება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთ ბრძოლაზე იქნება მიმართული – მთავარი ქარდის მეორე დაპირისპირებაზე რომან დოლიძეს და კრისტიან ლიროი დანკანს შორის. ქართველი ოქტაგონზე 7-თვიანი პაუზის და კარიერის პირველი ვადამდელი წაგების შემდეგ დაბრუნდება: დოლიძე (15-4) გასულ აგვისტოს ენტონი “ფლაფი” ერნანდესთან მეოთხე რაუნდში საბმიშენით უმძიმესი მარცხი განიცადა.

დოლიძის ოპონენტი – კრისტიან ლიროი დანკანი (13-2) – ამ ბრძოლაში სრულიად საპირისპირო ტრაექტორიით მიდის. ინგლისელი 3-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა, ხოლო ბოლო ორი ბრძოლა CLD-იმ შთამბეჭდავი ნოკაუტებით დაასრულა. დანკანისთვის, რომელიც საშუალო წონის რეიტინგში ჯერ არ ირიცხება, ეს კარიერაში ყველაზე მაღალი პროფილის მქონე ოპონენტთან ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა. ეს ფაქტი წონის ჩაბარებაზეც აისახა – ინგლისელი სასწორზე ერთ-ერთი პირველი ავიდა და 186 ფუნტი/83,4 კგ დააფიქსირა. ოდნავ მოგვიანებით იგივე წონა უპრობლემოდ დააფიქსირა რომან დოლიძემაც.

სამწუხაროდ, ინციდენტების გარეშე ცერემონიამ ვერ ჩაიარა. ათლეტური კომისია იძულებული გახდა, გაეუქმებინა პრელიმინალური ნაწილის დაპირისპირება ქალთა სუპერმსუბუქ წონაში ლუანა კაროლინასა და მელისა მულინსს შორის, რადგან კაროლინამ წონის მაქსიმალურ დაშვებულ ლიმიტს 8 ფუნტით (3.4 კგ) გადააჭარბა. ტურნირზე ჩანიშნული დანარჩენი 13 ბრძოლა ჩვეულებრივად გაიმართება. 

UFC London-ი საქართველოს დროით 21 მარტს საღამოს 9 საათზე გაიმართება.  

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version