ჯენარო გატუზოს ნაცვლად იტალიის ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს (ნაპოლი) და მასიმილიანო ალეგრის (მილანი) კანდიდატურები განიხილება, – იტყობინება Sky Sport-ი. ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის აირჩევენ 22 ივნისს ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად.
„გაძეტა დელო სპორტის“ ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მზადაა კონტე ნაკრებში გაუშვას, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
რა თქმა უნდა, დე ლაურენტისი კონტეს ადვილად არ შეელევა და სანაცვლოდ ფეხბურთის ფედერაციისგან საკმაო კომპენსაციას მოითხოვს.
კონტე თანახმაა „სკუადრა აძურას“ ჩაუდგეს სათავეში, თუმცა ამისათვის ხანგრძლივვადიან ხელშეკრულებას და მაქსიმალურ ხელშეწყობას ითხოვს. ის ეროვნული გუნდის თავკაცი 2014-2016 წლებში იყო – მაშინ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდნენ.
წყარო: Sportall.ge