ACB ლიგის (ლიგა ენდესა) 23-ე ტურში ბასკონიამ ბასკეტ ჟირონას უმასპინძლა და კატალონიური მეტოქე 94:81 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ბასკონიას რიგებში ელიტაში მათე ხატიაშვილის დებიუტი შედგა – 17 წლის ქართველმა გამთამაშებელმა ორი წუთი ითამაშა და გუნდს 2 ქულაც (საჯარიმოები ჩააგდო) მოუტანა.
ბასკონიას 15-7 ბალანსი აქვს და მეხუთე პოზიციაზეა, 29 მარტს კი ანდორას სტუმრობს. მანამდე ბასკურ კლუბს ორი მატჩი ელის ევროლიგაში, სადაც თამაშის უფლება 17 წლის ქართველს ასევე აქვს. 25 მარტს ბასკონია ცრვენა ზვეზდას უმასპინძლებს, ხოლო 27-ში – თელ ავივის ჰაპოელს.
მათე ხატიაშვილი ბასკონიას სარეზერვო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ახლახან მან ახალგაზრდულ ევროლიგაზე ფინალშიც ითამაშა ბასკონიას მაისურით. შეგახსენებთ, რომ მათე უკვე ეროვნული ნაკრების წევრი და ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდა კალათბურთელია.
წყარო: Betsson.sport
