Site icon sportmedia.live

დასანანი შედეგი ლონდონში – დოლიძე დანკანთან დამარცხდა

ბოლო წლებში პირველად, რომან დოლიძე შესაძლოა, საშუალო წონის TOP 15-დან ამოვარდეს.

UFC London-ის ტურნირზე ქართველმა მებრძოლმა კრისტიან ლიროი დანკანთან კარიერის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მარცხი განიცადა. სრული 15 წუთის შემდეგ, მსაჯებმა დაპირისპირება 29-28 ბრიტანელის სასარგებლოდ შეაფასეს. მიუხედავად იმისა, რომ მეტოქესთან გრეპლინგში აშკარა უპირატესობა ქართველს გამხსნელ რაუნშივე შეეტყო, სამივე მსაჯმა პირველი ორი რაუნდი დანკანს მისცა, ხოლო მესამე დოლიძემ მიწაზე კონტროლის ხარჯზე მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ამ დაპირისპირებაში მებრძოლები ზუსტად საპირისპირო ტრაექტორიით მოდიოდნენ. დოლიძე ოქტაგონს ენტონი ერნანდესთან შარშანდელი მძიმე მარცხის და 7-თვიანი პაუზის შემდეგ უბრუნდებოდა.

კრისტიან ლიროი დანკანი კი 3-ბრძოლიან მოგების სერიაზე იყო, საიდანაც ბოლო 2 მატჩი შთამბეჭდავი, ბრუნში შესრულებული ნოკაუტებით დაასრულა. დღევანდელი გამოსვლის შედეგად, ბრიტანელმა საკუთარ სერიას ყველაზე სახელოვან მეტოქესთან გამარჯვება მიუმატა, რომანმა კი ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ აისახება დღევანდელი მატჩი საშუალო წონის საერთო რეიტინგზე. ბრძოლის მომენტისთვის დოლიძე საშუალო წონაში მე-11 ადგილს იკავებდა, ხოლო დანკანი TOP 15-ში არ ირიცხებოდა. შემდეგ კვირას სიტუაცია, დიდი ალბათობით, შეიცვლება და არაა გამორიცხული, ქართველი დივიზიონის ზედა ეშელონის მიღმა დარჩეს.

წყარო: Betsson.sport

Exit mobile version