რომანში “სიკვდილთან დიალოგი” საუბარია იმაზე, რომ სიკვდილს ყოველთვის ერთი და იგივე დიალოგის გამართვა უწევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვილი სანიოლსა და საქართველოს ნაკრებზე წერისას თუ ფრანგი მწვრთნელისთვის პრესკონფერენციაზე კითხვის დასმისას თითქოს ერთი და იგივეს ვაკეთებთ. პრობლემა გამოხატულია, გზაც თითქოს ჩანს, მაგრამ მაინც თითქოს არაფერი იცვლება. მეტიც, ვილი მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე რას გვეტყოდა ისიც კი ცხადი იყო და მასზე დასწრება აიცილებლობად აღარ ჩავთვალეთ.
ისრაელთან ამხანაგურ მატჩში დაფიქსირებული შედეგი (2:2) ტრაგედია ვერაფრით იქნება; სექტემბრისთვის მოსამზადებლად მარტში რომ რაღაც პრობლემები გამოკვეთო, ბოლო დროს ასე იშვიათი ამხანაგური მატჩები სხვას რას ემსახურება, მაგრამ თუ რამეა ტრაგედია, ისაა, აღარ ჩანს რომ მწვთნელს რესურსი, ახალი იდეების განხორციელების გზები და არსენალი გააჩნია. თითქოს არც ის ემოციებია. ფაქტია, როცა ანგარიში მოკლე დროში გაგვითანაბრეს, ის ჟინიანი და მოედნის კიდესთან თამაშში ბოლომდე ჩართული ვილი აღარ გვინახავს. მერე რა, რომ ოციფიალური მატჩი არ იყო…
სანიოლს სურს, სულ მართალი იყოს. როცა ჩვენ ვუთითებთ, რომ ძლიერ მეტოქეებთან 3 მცველით თამაში ჯობია, გუნდს ვათანამედროვებო და ტაქტიკას ცვლის, ახალი ციკლის მზადების დასაწყისში კი ისევ 5 მცველს უბრუნდება. ვილიმ ერთხელ გვითხრა, ტაქტიკა გადამწყვეტი არაა, მთავარი დამოკიდებულებებიაო. გარკვეულწილად დავეთანხმოთ, მაგრამ ბოლო მატჩში თითქოს მწვრთნელმა მთავარი არ იცოდა, გუნდს რა გაეკეთებინა. კონტრშეტევაზე მიღწეულმა წარმატებამ თითქოს ამ მიმართულებით გადაგვრთო, რამაც დაგვასაჯა და თამაშის სცენარის შეცვლის უნარი არ აღმოგვაჩნდა.
საქართველოს ნაკრების თამაშის სტარტი თითქოს რაღაც სხვას ჰგავდა, თითქოს თავს სხვანაირად ვიცავდით და სხვაგვარად ვუტევდით. ბურთის მეტად გაკონტროლებას და დაცვიდან ამოსვლას როცა ვცდილობდით, ლუკა გადრანი მარჯვნივ კარგად იშლებოდა და დომინანტური გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. შემდეგ მოწინააღმდეგემ ბურთი მოიპოვა და ჩვენი ძველი გუნდი დაბრუნდა, ბურთს უკან მორბენალი და დაცვაში მყარად მდგარი. იყო ეპიზოდები, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თითქოს სახეზე ეწერათ, ვერ ხვდებოდნენ, მწვრთნელი მათგან ზუსტად რას ითხოვს, რატომ ვერ იყენებს მათ საუკეთესო მხარეს. გუნდმა და მწვრთნელმა თითქოს სხეულის ენა დაკარგეს. წარმოიდგინეთ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დამგვიგვინებელი, გიორგი მიქაუტაძე გვყავს, ვის თამაშში ჩართვას სათანადოდ ვერ ვახერხებთ და საბრძოლველ ბურთს ხანდახან გადავუგდებთ, ხოლმე. ყევლანი ერთად ვერ ვარკვევთ მთავარს, სადაა ჩვენი მთავარი პლუსები და რამ უნდა დაგვიბრუნოს წარმატება.
არის შემთხვევები, როცა სანიოლი კრიტიკისგან უნდა დავიცვათ. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. მასე რომც არ ყოფილიყო, ამხანაგური მატჩი სწორედ იმიტომაა, თუნდაც გუნდმა ისწავლოს, ბურთი მის გარეშეც როგორ გააკონტროლოს. რამდენჯერმე დაკვირვების შემდეგაც გაუგებარი იყო, მწვრთნელმა ზურიკო დავითაშვილს ცენტრში თამაში რატომ დაავალა, როცა მას სულ სხვა დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ კარგით, გამოსცადა, ბევრი შემტევის პირობებში რაღაც ახალი მოიფიქრა, რამაც არ გაამართლა. გიზი მამაგეიშვილისთვის გამოცხდებული ნდობა კარგი იყო, რასაც თუნდაც გიორგი კვერნაძესთან მიმართებაში უფრო ნაკლებად ვხედავთ. გარკვეული საკამათო დეტალები ამხანაგურ მატჩს თან უნდა ახლდეს მაგრამ ისევ იქ დავბრუნდებით, სანიოლს რამდენად აქვს რესურსი, ყველაფერ ამას თავი დააღწიოს…
ადამიანურად რთული იყო, გურამ კაშიას წასვლაზე მიგეთითებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დრო დადგა და ამიტომ ჯობდა თუნდაც ბულგარეთში უმოტივაციო მატჩში ილია ბერიაშვილს ეთამაშა, ოფიციალურ დაპირისპირებას სულ სხვა ელფერი გააჩნია. რთულია, სანიოლზე წერო, რომ წასვლის დრო აქვს, არსებობს დიდი წარმატება, არსებობს გარკვეული პირდაპირი ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ამბავი დროში რაც უფრო გაიწელება, უფრო მტკივნეულად შეიძლება დასრულდეს. ნეტავი, ვცდებოდეთ და სანიოლთან ერთად კიდევ ერთ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. აღიარებს საჯაროდ თუ არა, ამ გამოფხიზლებებმა მასზე დადებითად იმოქმედოს.
პოზიტივი. ბედნიერებაა, როცა ხვიჩა კვარაცხელია გყავს – მენტალურად, ფიზიკურად, შეგნებით, შემართებით, უმაღლესი კლასით. სანიოლმა რომ თქვა, უკეთ ვითამაშეთო, ეს ერთი კაცის ინდივიდუალური ოსტატობის ზეიმი უფრო იყო. “კვარა” საქართველოს ნაკრებში აქამდე არსებულიდან ყველაზე განსხვავებული კაპიტანია, ვარსკვლავის სტატუსითა და საერთაშორისო ავტორიტეტით. ხვიჩა ერთხელ ცენტრალური მცველის პოზოციამდეც კი ჩავიდა, რაღაც ეპიზოდებში კი ის ჩანდა, მომავალშიც მწვრთნელობის სერიოზული რესურსი რომ ექნება!..
წყარო: Sportall.ge