გიორგი წიტაიშვილი: ვაჩვენეთ, რომ ისევ ვიბრძვით და დანებებას არ ვაპირებთ
SportMedia.Live
ლიგა 1-ის ბინადარი მეცი, რომლის ღირსებასაც ერთბაშად სამი ქართველი იცავს, მძიმე მდგომარეობაშია და საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის. გუნდს 26 ტურის თავზე მხოლოდ 3 მოგება აქვს და 13 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.
გასულ ტურში ქართველების გუნდმა ტულუზასთან დასანანი საშინაო მარცხი (3-4) განიცადა. კვირას რენთან გასამართი მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, გუნდის ლიდერმა, გიორგი წიტაიშვილმა, მოახლეუბულ შეხვედრაზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
…ტულუზასთან მარცხზე: “ამ თამაშის წაგება ნამდვილად საწყენია. შესაძლოა არა 3 ქულა, თუმცა 1 ქულა მაინც დავიმსახურეთ. ყოველთვის რთულია, როცა ანგარიშს ორჯერ ათანაბრებ და ბოლო წუთზე ისევ გოლს უშვებ. ყველას ვაჩვენეთ, რომ კვლავ ვიბრძვით, არ ვნებდებით და აუცილებლად ასე გავაგრძელებთ”.
…გუნდის შეტევით პერფორმანსზე: “ჩვენს შეტევებში ბევრი პოზიტიური რამ დავინახეთ. უამრავი მომენტი შევქმენით და ხშირად ვიყავით წინ, მაგრამ როგორც მთლიანად გუნდი, დაცვაზე მეტად უნდა ვკონცენტრირდეთ. ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ვეცდებით, ეს კომპონენტი გავაუმჯობესოთ”.
…ლიგა 1-ში დარჩენასა და სიტუაციის გამოსწორებაზე: “ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და იმედია, გამოგვივა. ვფიქრობ, ყველამ იცის, თუ როგორი არაპროგნოზირებადია ფეხბურთი. ხანდახან ისეთ რამ ხდება, რასაც არ ელოდები. ჩვენ გვჯერა ერთმანეთის, სტაფის, გუნდის და ახლა ისღა დაგვრჩენია, რომ თამაშების მოგება დავიწყოთ, რაც ჩვენს თავდაჯერებასა და მოტივაციას უფრო გაზრდის. ვეცდებით, რენთან 3 ქულა მოვიპოვოთ. პლეიოფის ზონასთან (მე-16 ადგილი) ჩამორჩენა 6 ქულაა, ასე რომ, ყველაფერი შესაძლებელია. ყველას ძალიან სურს გუნდის დახმარება და ცდილობს, მაქსიმუმი გაიღოს. ვიმედოვნებთ, რომ სიტუაციას გამოვასწორებთ და ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ, რათა მათგან მეტი ნდობა დავიმსახუროთ”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი წიტაიშვილის, გიორგი აბუაშვილისა და გიორგი ქვილითაიას მეცს ლიგა 1-ის ბოლო 10 ტურში 8 მარცხი და 2 ფრე აქვს. ქართველების გუნდი 22 მარტს სტუმრად, ევროზონაში მოსახვედრად მებრძოლ რენს დაუპირისპირდება. თამაში 22:15 საათზეა ჩანიშნული.