ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი ჯერჯერობით, საქართველოსთვის არცთუ წარმატებით მიმდინარეობს – ორი საშეჯიბრო დღე ფინალისტის გარეშე და მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედლით.
საქართველო მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამო, რომელიც სამ კვირაშია, გრანდ სლემზე უძლიერესი შემადგენლობით არ არის წარმოდგენილი, მაგრამ შედეგი მაინც არასახარბიელოა.
73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გიორგი ლოლაძემ, რომელმაც ბაჰამელი ენდრიუ მუნინგესი, ბრიტანელი ბენჟამინ ლევი, ისრაელის წარმომადგენელი იეონატან ელბაზი და აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა. თუმცა, ნახევარფინალში გიორგი ფინელ ლავტერი ოლინთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ფინალურ ბლოკში თურქ მუჰამედ დემირელს შეხვდა, რომელსაც აჯობა და საქართველოს მეორე მედალი მოუტანა.
დიმიტრი გოჩილაიძესაც ჰქონდა ბრინჯაოს მედლის შანსი. მან ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, გზად ფინელი ეუტუ იჰანამაკი, უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი და გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა. ნახევარფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან, ვედათ ალბაირაქთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბელგიელ მატიას კასეს გაეჯიბრა, მაგრამ ვაზარით წააგო და კვარცხლბეკს მიღმა დარჩა.
დღესვე, ვაჟებში გიორგი ჩიხელიძემ, ბაგრატ ნინიაშვილმა, გიორგი ტერაშვილმა (73 კგ.), ზაურ დვალაშვილმა, კოტე კაპანაძემ და ირაკლი ბეროშვილმა (81 კგ.) უმედლოდ დაასრულეს ასპარეზობა, ხოლო ქალთა შორის გამოვიდნენ მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, ნინო წიკლაური, მარი მახარაშვილი (ყველა 63 კგ.), მარიამ ჭანტურია, ლიზი ქვარცხავა, ნინო გულბანი და ქეთევან ბერიძე (ყველა 70 კგ.), მაგრამ რვავე მოჭიდავე პირველივე ეტაპზე დამარცხდა.
ამგვარად, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს მონაგარი მხოლოდ 2 ბრინჯაოს მედალია, რომლებიც თორნიკე გიგაურმა (66 კგ.) და გიორგი ლოლაძემ (73 კგ.) მოიპოვეს.
წყარო: Betsson.sport