გიორგი ბეჟანიშვილის ვინდი სიტი ბულსმა NBA-ს G ლიგაში სამიოდ დღეში მეორედ წააგო ბირმინგემ სკუადრონთან, ქართველ კალათბურთელს კი სეზონში მე-11 ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა.
საინტერესოა, რომ ბულსმა ნიუ ორლეანის სარეზერვო გუნდისგან ამჯერადაც 134 ქულა მიიღო, თუმცა, თუ პირველ შემთხვევაში 15 ქულით დამარცხდა, ამჯერად, ჩამორჩენა მინიმალური იყო – 133:134.
ბეჟანიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და 34:37 წუთში 14 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 4-დან 3 ორქულიანი, 5-დან 2 სამქულიანი და 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, პერსონალური ფოლი კი არ მიუღია.
კვლავაც შეუჩერებელი იყო ვინდი სიტის ვარსკვლავი მაკ მაკლანგი, რომელმაც ამჯერად 59 ქულა მიითვალა და G ლიგის ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. გასული თამაშის წინ მაკლანგს რენალდო მაიორის მიღწევის (5 299) დასამხობად 46 ქულის ჩაგდება სჭირდებოდა და მან გეგმა გადაჭარბებით შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ მაკლანგი NBA-ს ჩატენვების კონკურსის 3-გზის გამარჯვებულია, თუმცა, ლიგაში თავის დამკვიდრება ვერაფრით მოახერხა. მაკი ამჟამად ჩიკაგო ბულსის კუთვნილებაა (ვინდი სიტი სწორედ “ხარების” სარეზერვო გუნდია), მანამდე კი, ლეიკერსში, ფილადელფიაში, ორლანდოსა და ინდიანაში ირიცხებოდა, თუმცა, NBA-ს მოთამაშედ მაინც ვერ იქცა.
ბეჟანიშვილისა და მაკლანგის გუნდი 15 მოგებითა და 20 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზე იმყოფება და უკვე ცხადია, რომ პლეი ოფის საგზურს ვერ მოიპოვებს. ვინდი სიტის რეგულარული სეზონის ბოლომდე ერთადერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი: 28 მარტს, ვესტჩესტერთან.
წყარო: Betsson.sport
