ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსელონა” “ატლეტიკოსთან” შინ 0:2 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ჰანსი ფლიკის გუნდის სრული უპირატესობით წარიმართა, “ლურჯ-ბროწეულისფრებმა” მატჩის პირველ ნახევარში მეტოქეს კარისკენ 10-ჯერ დაურტყეს, საიდანაც 6 ზუსტი აღმოჩნდა.
44-ე წუთზე პაუ კუბარსი შეცდა, ახალგაზრდა ცენტრალურმა მცველმა მეკარესთან პირისპირ დარჩენილი “ატლეტიკოს” ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, მსაჯმა პაუს თავდაპირველად ყვითელი ბარათი უჩვენა, ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ კი იშტვან კოვაჩმა გადაწყვეტილება შეცვალა და 19 წლის მოთამაშეს წითელი ბარათი უჩვენა, “ბარსას” საჯარიმოში სახიფათო ჯარიმა დაინიშნა, რომელიც გოლად ხულიან ალვარესმა აქცია, არგენტინელმა შესანიშნავად დაარტყა და ჟოან გარსიას შანსი არ დაუტოვა.
თითქოს მეორე ტაიმი “ინდიელთა” კარნახით უნდა წარმართულიყო, მაგრამ ფლიკის გუნდმა მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა. მარკუს რაშფორდმა “როხიბლანკოს” მეკარე მუსო მოატყუა, თუმცა ინგლისელმა გოლის გატანა ფაქტობრივად ცარიელ კარში ვერ მოახერხა. ამის შემდეგ “ატლეტიკოს” კარს კვლავ რაშფორდი დაემუქრა, საჯარიმოდან მისი დარტყმული კვლავ მუსომ მოიგერია.
“ბარსა” შეტევებს აგრძელებდა, მაგრამ იღბალი ფლიკის გუნდის მხარეს ნამდვილად არ ყოფილა. 70-ე წუთზე რუგერის ჩაწოდებული ბურთი კარში ალეკსანდრ სორლოტმა გადაგზავნა და “ატლეტიკო” წინ ორბურთიანი უპირატესობით გაიყვანა. მე-80 წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ლამინ იამალმა ისარგებლა, მაგრამ ხუან მუსო კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო და “ბარსელონას” არ გაატანინა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 14 აპრილს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” გაიმართება.
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
ბარსელონა – ატლეტიკო 0:2
გოლები: 0:1 ალვარესი (45), 0:2 სორლოტი (70)
გაძევება: კუბარსი (44)
წყარო: Sportall.ge