ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა კრისტიან ძაკარდომ, რომელიც ქართველ ფეხბურთელებთან თანამშრომლობს, იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიასა და მის უმცროს ძმაზე – თორნიკე კვარაცხელიაზე ისაუბრა.
ძაკარდომ გაიხსენა ისტორია, როგორ გაიგო კვარას შესახებ პირველად და როგორ მუშაობდა ნაპოლიში მის ტრანსფერზე.
“კვარაცხელიას თამაში 2020 წელს ვნახე. რამდენიმე ქართველი მეგობარი მყავდა, რომლებმაც ის ჩემთან ახსენეს კიდეც. ხუთი ან ექვსი ქართველი ფეხბურთელიდან, რომლებიც ახსენეს, ის უკვე ფენომენალური იყო. უამრავი თვისება ჰქონდა. ცოტა გამოვიკვლიე, შემდეგ კი, 2021 წლის თებერვალში მოსკოვში მის აგენტთან წავედი. შევხვდი ბიჭს და შემდეგ ნაპოლიში გავუწიე რეკომენდაცია, რის შემდეგაც ეს გარიგება დაიწყო. ფეხბურთელი ნაპოლიში გადავიდა და სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა. “აძურის” წყალობით, ის შესანიშნავი ფეხბურთელი გახდა და ახლა პსჟ-ში თამაშობს. ამასობაში, ნაპოლიმ დიდი კაპიტალის მოგება გააკეთა, მან კი ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ამიტომ ყველა ბედნიერია”, – ამბობს 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი.
კრისტიანმა ასევე ილაპარაკა თორნიკე კვარაცხელიაზე და ანდრია ბართიშვილზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონ იბერიაში თამაშობს: “რადგან ისინი [ქართველები] ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეები არიან, მათ არ შეუძლიათ საქართველოს დატოვება 18 წლამდე. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ ევროპულ ლიგებში გადასვლა. თორნიკეს ძმისნაირი რამდენიმე თვისება აქვს, იმავე პოზიციაზე თამაშობს – კარგი დრიბლინგი და დარტყმა აქვს. საქართველო ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და ბევრი ფეხბურთელი ევროპაში თამაშობს. არის ის [თორნიკე კვარაცხელია] და ასევე არის ანდრია ბართიშვილი, 2009 წელს დაბადებული შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც პოტენციურად შეუძლია შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს”.
შეგახსენებთ, რომ კრისტიან ძაკარდო 2006 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საკლუბო დონეზე უთამაშია ბოლონიაში, პალერმოში, ვოლფსბურგში, პარმაში, მილანსა და კარპიში. 2009 წელს ვოლფსბურთან ერთად გერმანიის ჩემპიონი გახდა. სწორედ კრისტიან ძაკარდოს შუამავლობით შედგა ნაპოლიში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი და მათი თანამშრომლობა ახლაც გრძელდება. გარდა ამისა, ძაკარდომ სენტ ეტიენში ზურიკო დავითაშვილის და გრანადაში გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერებშიც მიიღო მონაწილეობა.
წყარო: Betsson.sport