ლივერპული ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ბრაიტონთან დამარცხდა (1:2), რაც უშუალოდ ჩემპიონატში უკვე მე-10 წაგება იყო.
გადამწყვეტი გამოდგა დანი უელბეკის დუბლი, რომელმაც გიორგი მამარდაშვილს ორი გოლი გაუტანა. ქართველმა მეკარემ ალისონის ტრავმის გამო შანსი მიიღო, მეორე ტაიმში გუნდი რამდენჯერმე იხსნა, მაგრამ პირველ გოლში ბრალი მიუძღვის, რადგან ბურთი დაკარგა, რასაც საგოლე შეტევა მოჰყვა.
ბრიტანულ მედიაშიც გიორგის თამაშს ზუსტად ორგვარი გამოხმაურება ჰქონდა – კრიტიკულიც და პოზიტიურიც.
“ალისონ ბეკერი ამჟამად ტრავმირებულია და სწორედ ამიტომ გადაიხადა ლივერპულმა საკმაოდ დიდი თანხა გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ საიმედო მეორე მეკარე რომ ჰყოლოდა. მამარდაშვილმა პრემიერლიგაში მეექვსე თამაში ჩაატარა (ყველა ტურნირზე მე-13) და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე კარგი მოგერიება ჰქონდა, ფეხით თამაშში მისი შეზღუდვები გამოიკვეთა. უელბეკის პირველ გოლამდე, მან ბურთი აუტზე გადააგდო და ზოგჯერ ცოტა ნერვიულობდა. დაცვასთან მის ურთიერთობას გაუმჯობესება სჭირდება, მაგრამ ეს მხოლოდ სათამაშო პრაქტიკით შეიძლება. ალისონის არყოფნაში კიდევ ერთი შანსი მიიღო და რამდენიმე კარგი სეივის მიუხედავად, შეეძლო უფრო გადამწყვეტი ყოფილიყო”, – წერს ლივერპულის ფანსაიტი Liverpool.com.
“თამაშის სტარტზე რამდენიმე შეცდომა ჰქონდა, ერთ-ერთი უელბეკის გოლით დაგვირგვინდა. შემდეგ თითის წვერებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩაჭრა განახორციელა, რითაც ბრაიტონს შესვენებამდე მეორე გოლის გატანაში ხელი შეუშალა. მეორე ტაიმში უფრო კარგად ითამაშა, რამდენიმე შესანიშნავი სეივით, რამაც ბრაიტონი შეაჩერა”, – წერს This is anfield, რომელიც მის თამაშს 7 ქულით აფასებს.
“კონატეზე გაკეთებული პასი აუტში გადავიდა, საიდანაც საბოლოოდ ბრაიტონმა პირველი გოლი გაიტანა. თუმცა, მისი ერთგვარი საგოლე პასით, ლივერპულმა გაათანაბრა და მეორე ტაიმში სამი კარგი მოგერიება განახორციელა”, – წერს Liverpool Echo და გიორგის 6 ქულა დაუწერა.
Goal-ი კი ქართველი მეკარის თამაშს ასევე 6 ქულით აფასებს: “უელბეკის პირველ გოლამდე ბურთი დაკარგა. მეორე გოლის მომენტში მცველებმა დააღალატეს. რამდენიმე კარგი სეივი, მაგრამ არ შეიძლება ბურთით ასე თამაში, როგორც მამარდაშვილი თამაშობდა, რადგან ეს გუნდს ძვირად უჯდება”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა პრემიერლიგაში მეექვსე თამაში ჩაატარა, ყველა ტურნირზე მის აქტივში 13 მატჩია – პრემიერლიგის გარდა, ხუთჯერ ჩემპიონთა ლიგაში, თითოჯერ ასოციაციის თასსა და ინგლისის ლიგის თასზე ითამაშა. ამ 13 თამაშში მან 20 გოლი გაუშვა, 3 მატჩში კი კარი მშრალად შეინახა. უშუალოდ პრემიერლიგაში ქართველ მეკარეს 6 თამაში, 12 გაშვებული გოლი და 1 მშრალი მატჩი აქვს.
არნე სლოტის გუნდს 49 ქულა რჩება და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა, თუმცა, მისი გადასწრება ჩელსის (48) შეუძლია, რომელსაც ტურის შეხვედრა ჩასატარებელი აქვს.
ლივერპული სანაკრებო პაუზის შემდეგ, 4 აპრილს, ინგლისის თასის 1/4-ფინალურ დაპირისპირებაში მანჩესტერ სიტის ესტუმრება, ოთხი დღის შემდეგ კი უკვე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენთან. რამდენი ხნით მოუწევს დასვენება ალისონ ბეკერს, ჯერჯერობით უცნობია.
https://cdn.jwplayer.com/previews/9oLtj6wR-7EUbWQYc
წყარო: Betsson.sport
