‘ამას ვერ წარმოვიდგენდი’ – ‘დროგბას ფანი’ დვალიშვილი სტემფორდ ბრიჯზე
SportMedia.Live
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ლონდონშია და დღეს ჩელსის სტადიონ სტემფორდ ბრიჯზეც იმყოფებოდა. ქართველი მებრძოლის სტუმრობას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც გამოეხმაურა.
“მერაბ დვალიშვილი, რომელიც საქართველოში ჩელსის მატჩებს ხშირად უყურებდა, ლონდონში პირველად იმყოფება და ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ სტემფორდ ბრიჯს მიაშურა.
“აქ ყოფნა ძალიან მომწონს. პირველად ვარ და დიდი შთაბეჭდილებები მივიღე. ბავშვობაში ჩელსის მატჩებს ხშირად ვუყურებდი, ცხადია, მაშინ ეს არეალურად მეჩვენებოდა, თუმცა, ახლა სტემფორდ ბრიჯზე ვიმყოფები. მახსოვს, ყველაზე მეტი ინტერესით დიდიე დროგბას თამაშებს ვუყურებდი. მე და ჩემი მეგობრები მისი დიდი ფანები ვიყავით. ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელი იყო, ჩელსი კი კი ჩემპიონთა ლიგაში მაგრად თამაშობდა”.
დვალიშვილმა MMA-ში კარიერა 2014 წელს დაიწყო და მას მერე 26 ორთაბრძოლიდან 21 მოიგო. მაღალმა ტემპმა და ჩხუბის შეუპოვარმა სტილმა მერაბს მეტსახელი “ჩაქუჩი” მოუტანა. ამ დროისთვის, ის UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ლიდერია.
“ეს მეტსახელი იმიტომ შემარქვეს, რომ ჩხუბისას არასდროს ვჩერდები. ძალიან ბევრს ვშრომობ, მიზნისკენ მივიწევ და ვცდილობ, მეტოქეებზე ზეწოლა მოვახდინო. ვფიქრობ, მანქანა ამიტომ მიწოდეს”.
დვალიშვილმა 2024 წელს აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო, თუმცა, ყოველთვის ხაზს უსვამს მის წარმომავლობას და საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ საქართველოს სახელით გამოდის.
ჩელსის 121-წლიან ისტორიაში გუნდის მაისურით მხოლოდ ერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. 2000-01 წლების სეზონში რატი ალექსიძემ “ლურჯების” რიგებში 3 მატჩი ჩაატარა.
“მის შესახებ ვიცი. ნამდვილად კარგი ფორვარდი იყო. ყოველთვის, როდესაც ვხედავ, რომ ისეთი დიდი გუნდების რიგებში, როგორებიც ჩელსი და პსჟ არიან, ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, სიამაყის გრძნობა მეუფლება”, – ამბობს დვალიშვილი.
ლონდონური O2 ტურნირს UFC Fight Night 270 ხვალ საღამოს უმასპინძლებს და მართალია, მერაბ დვალიშვილი მასში მონაწილეობას არ მიიღებს, ღონისძიებას აუცილებლად დაესწრება. ამის მერე მას საშუალება ექნება ქალაქი უკეთ დაათვალიეროს.
“გაოცებული ვარ, აქ ყველაფერი ლამაზია. ბევრ ქვეყანასა და ქალაქში ვყოფილვარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ლონდონი ერთ-ერთი საუკეთესოა”.
ჩელსის ფანებში დვალიშვილის სტემფორდ ბრიჯზე სტუმრობას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. ისინი ხუმრობით ითხოვენ, რომ ჩელსიმ მერაბს კონტრაქტი გაუფორმოს და დაცვაში დააყენოს.