პსჟ ერთი კვირის განმავლობაში სამ მატჩს ჩაატარებს. “ლიონთან” დაპირისპირებამ აჩვენა, რომ დიდი დოზით როტაცია სახიფათოა, არადა წინ ჩემპიონთა ლიგა და “ბაიერნია”. რა იქნება ამჯერად? – ოთხშაბათს, ჩვენი დროით 21:00 საათზე, შინ, “ნანტთან”, 28-ე ტურის გადადებული მატჩია.
ლიონელებთან ისიც კარგად დავინახეთ, ხვიჩა კვარაცხელიას რამდენი შეუძლია, როგორი გამორჩეულია და რამდენად მაღლა დგას. ამ ფონზე და ვითარებაში, როგორ გინდა “კვარას” დასვენების საშუალება მისცე. არადა, სიფრთხილეც რომ აუცილებელია?!
ვიტინიას ტრავმა ლუის ენრიკეს მეტად დააფიქრებდა. მთავარია, პორტუგალიელი მიუნხენელებამდე მომჯობინდეს. თუკი ბოლო მატჩზე ვსაუბრობთ, ფაბიან რუისის კარგი დაბრუნება და კვარაცხელიასთან ურთიერთქმედება მოსაწონი იყო.
ზედიზედ მეხუთე ტიტულთან პარიზელები ახლოს არიან, იმის მიუხედავად, რომ წელს ბევრი მარცხია. “ნანტთან” გამარჯვების შემთხევაში ისინი “ლანსს” 4 ქულით გაასწრებენ და შემდეგ ერთმანეთში გადადებული მატჩიც (13 მაისს) უნდა ითამაშონ.
უახლოესმა მეტოქეებმა 17 აგვისტოს ითამაშეს. ევროპის სუპერთასის შემდეგ გადახალისებული შემადგენლობით მოთამაშე პარიზელებმა მინიმალური ანგარიშით (1:0) მოიგეს. ხვიჩას მხოლოდ 12 წუთი მიეცა. მანამდე ორი ფრე იყო, “ნანტმა” კი 2022 წელს (3:1) გაიმარჯვა. ნეიმარმა პენალტი ვერ გამოიყენა.
პენალტის გამოყენება ისაა, რაც პარიზელებს ამ სეზონში ასევე უჭირთ და საინტერესოა, ბურთთან და ნიშნულთან ხვიჩა კვარაცხელიას თუ ვნახავთ.
კიდევ ერთი ტრავმირებული, ვინც “ბაიერნისთვის” უნდა მომჯობინდეს, ნუნუ მენდეშია. რაც შეეხება მეკარე შევალიეს, როგორც წერენ, ის გუნდზე გაბრაზებულია.
პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა: საფონოვი – ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი – ბერალდო, ნევეში, რუისი – ლი, დემბელე, კვარაცხელია.
ამავე დღეს, 22:30 საათზე, ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის “შტურმი” “ლასკს” უმასპინძლებს. ხუთშაბათს, 23:30 საათზე კი გიორგი მოქაუტაძის “ვილიარეალი” “რეალ ოვიედოს” ესტუმრება.
წყარო: Sportall.ge
