Site icon sportmedia.live

“ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით” – ხვიჩა კვარაცხელიას პრესკონფერენცია

ხვალ, 28 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პსჟ “ბაიერნს” უმასპინძლებს. პარიზელთაგან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელია წარსდგა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

 

“მე მიყვარს ფეხბურთი! მიყვარს მოედანზე ყოფნა. ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ მნიშვნელოვანია კარგი რაღაცების მოტანა და მე ყოველთვის ვცდილობ ამის გაკეთებას! და მინდა, რომ ამით ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დავტკბე.

 

ლუის ენრიკესთან ერთად დაცვაში თამაში გავაუმჯობესე. ამ მწვრთნელის გუნდში, დაცვაში მცველებივით უნდა ვითამაშოთ. შესანიშნავ ვარჯიშებს ვატარებთ.“

 

მარადონასთან შედარება ძალიან მაგარია. ეს ნეაპოლში დაიწყო, ძალიან ვამაყობ, რომ მასთან ავსოცირდები, თუნდაც ეს რთული იყოს, რადგან საკუთარი თავის დამტკიცება და საკუთარი თავის შესაბამისად ცხოვრება გიწევს.

 

თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და ეს გუნდის დამსახურებაა. ერთად ფანტასტიკური რაღაცები გავაკეთეთ და მეც ამ კოლექტივის ნაწილი ვარ. ხვალ ერთმანეთს ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება.

 

ძალიან კარგად ვიცით, რომ “ბაიერნთან” რთული დაპირისპირებები გვექნება. ჩვენი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. მიუხედავად ამისა, არავისი გვეშინია, რადგან ჩვენ “პარი სენ ჟერმენი” ვართ. ვიცით, რომ ყველაფერს შევძლებთ თუ საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ. ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და ვფიქრობ, რომ პსჟ-ც ტოპ გუნდებს შორისაა.

 

ჩემი აზრით, კარგია, რომ პირველ შეხვედრას საშინაო კედლებში ვატარებთ. საოცარი გულშემატკივრები გვყავს. წინასწარ ვიცით, რომ ქომაგები ბრწყინვალე ატმოსფეროს შექმნიან და ჩვენც გუნდის გერბისთვის ვიბრძოლებთ. ისინი ჩვენთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

 

შეგახსენებთ, პსჟ-სა და “ბაიერნის” დაპირისპირება 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version