სხვა

ფინალისტის გარეშე – საქართველოს ორი ბრინჯაოს შანსი თბილისის გრანდ სლემზე

ძიუდოში თბილისის გრანდ სლემი ჯერჯერობით, საქართველოსთვის არცთუ წარმატებით მიმდინარეობს – ორი საშეჯიბრო დღე ფინალისტის გარეშე.

საქართველო მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის გამო, რომელიც სამ კვირაშია, გრანდ სლემზე უძლიერესი შემადგენლობით არ არის წარმოდგენილი, მაგრამ შედეგი მაინც არასახარბიელოა. დღეს, საქართველოს მაქსიმუმი ორი ბრინჯაოს მედალი იქნება.

73 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს გიორგი ლოლაძე, რომელმაც ბაჰამელი ენდრიუ მუნინგესი, ბრიტანელი ბენჟამინ ლევი, ისრაელის წარმომადგენელი იეონატან ელბაზი და აზერბაიჯანელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა. თუმცა, ნახევარფინალში გიორგი ფინელ ლავტერი ოლინთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის ფინალურ ბლოკში თურქ მუჰამედ დემირელს შეხვდება.

ამავე წონაში გიორგი ჩიხელიძე, ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ტერაშვილი უმედლოდ დარჩნენ. ტერაშვილი შედარებით უკეთ გამოვიდა, რეპეშაჟში იყო, მაგრამ ბრინჯაოსთვის ჭიდაობის უფლება ვერ მოიპოვა.

81 კგ წონით კატეგორიაშიც იგივე სიტუაციაა – ერთადერთი ბრინჯაოს შანსი, რომელიც დიმიტრი გოჩილაიძეს აქვს. მან ნახევარფინალამდე მისვლა შეძლო, გზად ფინელი ეუტუ იჰანამაკი, უკრაინელი ვლადისლავ კოლობოვი და გერმანელი ტიმო კაველიუსი დაამარცხა. ნახევარფინალში თურქეთის სახელით მოასპარეზე ქართველთან, ვედათ ალბაირაქთან მარცხი განიცადა, ხოლო ბრინჯაოსთვის ბელგიელ მატიას კასეს გაეჯიბრება.

კასემ რეპეშაჟში ქართველი ზაურ დვალაშვილი დაამარცხა, რომელიც მეოთხედფინალამდე მივიდა, მაგრამ მედლისთვის ვერ იბრძოლებს. ამ წონაში ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ ტურნირს კოტე კაპანაძე და ირაკლი ბეროშვილი.

დღესვე, ქალთა შორის გამოვიდნენ მარიამ ნათელაური, მაია ბიძინაშვილი, ნინო წიკლაური, მარი მახარაშვილი (ყველა 63 კგ.), მარიამ ჭანტურია, ლიზი ქვარცხავა, ნინო გულბანი და ქეთევან ბერიძე (ყველა 70 კგ.), მაგრამ რვავე მოჭიდავე პირველივე ეტაპზე დამარცხდა და მათ ასპარეზობა დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს მონაგარი ერთი ბრინჯაოს მედალი იყო, რომელიც თორნიკე გიგაურმა (66 კგ.) მოიპოვა.

წყარო: Betsson.sport