ჩემპიონთა ლიგა ნახევარფინალებით ბრუნდება, სადაც ზედიზედ მეორე წელია დიდი მოტივაცია გვაქვს, ხვიჩა კვარაცხელიას ვქომაგობთ.
სამშაბათს, 23:00 საათზე, სწორედ პსჟ-ბაიერნია.
ლუის ენრიკეს გუნდი აღარ ხუმრობს. დაამარცხო ულაპარაკოდ “ჩელსი” და “ლივერპული”, გაიტანო ამდენი გოლი და ზედიზედ მესამედ ითამაშო ნახევარფინალში, ცოტა როდია. აღარ ხუმრობს ხვიჩა კვარაცხელიაც, ჩემპიონთა ლიგაზე გუნდის ნამდვილი ლიდერი და კაცი, ვინც განსხვავებას ქმნის.
პარიზელებს შეულძლიათ, ჩემპიონთა ლიგაზე მეასე მატჩი მოიგონ. და როდის იყო პირველი? – 1994/95 წლების სეზონში, სწორედ მიუნხენის “ბაიერნთან”.
პსჟ-ს ნახევარდაცვის მეტრონომი ვიტინიაა, ვინც ახლა ტრავმირებულია (ზუსტი მდგომარეობა არ ვიცით) და ამასობაში, ბრაზილიელმა ბერალდომ ცენტრალური ნახევარმცველობის საოცარი უნარები გამოავლინა. იქნებ ის გახდეს ენრიკეს X ფაქტორი?! სასიამოვნოა ფაბიან რუისის დაბრუნება (რთული სათქმელია, რამდენი წუთი მიეცემა). ის “კვარასთან” დიდებულად კომბინირებს.
“ბაიერნი” ფორმაშია, ჰარი კეინს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეექვსე მატჩში გატანა სურს. მიუნხენელთა მთავარი დანაკლისი მოედანზე გნაბრია და მის მიღმა მთავარი მწვრთნელის, კომპანის დისკვალიფიკაცია.
ეს გუნდები ზაფხულში, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე რომ შეხვდნენ, დასამახსოვრებელი მატჩი იყო – პარიზელებმა მეორე გოლი 9 კაცით გაიტანეს; დონარუმამ მუსიალას მძიმე ტრავმა მიაყენა. შემდეგ იყო მატჩი ლიგის ფაზაზე, სადაც უკვე კაცნაკლულმა “ბაიერნმა” პარიზში გაიმარჯვა.
შესაძლოა, ჩვენ ნაადრევ ფინალს ვუყურებდეთ და წყდებოდეს სეზონის MVP-ის ვინაობაც – კვარაცხელია თუ კეინი. ფაქტია, ამ მოცემულობაში ვართ!..
სავარაუდო შემადგენლობები
პსჟ: საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ბერალდო, ნევეში, ზაირ-ემერი – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
ბაიერნი: ნოიერი – სტანისიჩი, უპამეკანო, ტა, ლაიმერი – პავლოვიჩი, კიმიხი – ოლისე, მუსიალა, დიასი – კეინი.
ოთხშაბათი, 23:00 სთ, ატლეტიკო – არსენალი.
წყარო: Sportall.ge
