სხვა

‘სასტუმროს ტერიტორიას ვერ დატოვებენ’ – ისრაელი დიდი დაცვით მოდის

ისრაელის მედია დამატებით დეტალებს გვამცნობს ამხანაგური მატჩის შესახებ, რომელიც მომავალ კვირას თბილისში უნდა გაიმართოს. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, თამაში მაღალი ხარისხის რისკის მქონე შეხვედრების რიცხვს მიეკუთვნება, ამდენად, ისრაელის ნაკრებიც უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართავს. ამის თაობაზე Sport5.co.il წერს.

“მომავალ კვირას ისრაელის საფეხბურთო ნაკრები თბილისს ეწვევა და ეს მოგზაურობა ჩვეულებრივთა რიგს არ მიეკუთვნება, რადგანაც გუნდს თან დაცვის სამსახურის უჩვეულოდ ბევრი წარმომადგენელი მიჰყვება. ნაკრების თავკაცი ბენ შიმონი აპირებს დღეს გამოაცხადოს ის შემადგენლობა, რომელიც 26 მარტს საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, რომ მწვრთნელი მხოლოდ 23 ფეხბურთელს უხმობს და მასში არც თუ ბევრი ლეგიონერი იქნება. მიზეზი ისაა, რომ ისრაელის ნაკრებს ამ ფანჯრის დროს მხოლოდ 1 ამხანაგური შეხვედრის ჩატარება უწევს, როდესაც თითქმის ყველა სხვა გუნდი ორ თამაშს ატარებს. შიმონის ნაკრებისთვის სხვა მეტოქე უბრალოდ ვერ მოიძებნა.

გადაწყვეტილია, რომ თბილისში ფეხბურთელებს აკრძალული ექნებათ სასტუმროს ტერიტორიის დატოვება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ისრაელის მიმართ კეთილგანწყობილ ქვეყნად ითვლება, საფრთხეს ის ფაქტორი ქმნის, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანას არაერთი ირანელი ესტუმრა. სხვა საქმეა, რომ როგორც საქართველოში ისრაელის ელჩი აცხადებს, საპროტესტო აქციები მოსალოდნელი არაა. ცნობილია ისიც, რომ ისრაელის ნაკრები თბილისს მატჩის დასრულებისთანავე დატოვებს, ლეგიონერები კი პირდაპირ თავიანთ კლუბებში გაემგზავრებიან.

ზოგადად, ისრაელის ნაკრებისთვის არცთუ კომფორტული სიტუაციაა შექმნილი, რადგანაც გუნდს ივნისის ფანჯარასთან დაკავშირებითაც პრობლემები აქვს. ზაფხულში არცერთი საკონტროლო მატჩი არაა დაგეგმილი და თუკი მეტოქეები ვერ მოიძებნა, ისრაელი სექტემბერში ჩასატარებელ ერთა ლიგის თამაშებს არცთუ ოპტიმალურ ფორმაში შეხვდება. ამასთან დაკავშირებით დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე შინო ზუარეცს. სხვათა შორის, ის ტრადიციის დარღვევას არ აპირებს და ნაკრებს თბილისშიც მიჰყვება. ზუარეცს პოსტზე დანიშვნის შემდეგ ისრაელის ეროვნული გუნდის არცერთი მატჩი არ გამოუტოვებია”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ისრაელის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი 26 მარტს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზეა დაგეგმილი და 21:00 საათზე დაიწყება. ვილი სანიოლის გუნდს უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სპარინგი ელის: 29 მარტს, კაუნასში, ლიეტუვასთან.

წყარო: Betsson.sport