საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებები, მაისის ბოლოს საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 29-30 მაისს ქალაქ ჰაგუენაუში მოსამზადებელ ტურნირებს ითამაშებენ.
ესაა ერთადერთი საერთაშორისო ტურნირი რაგბი7-ში, სადაც ტიერ1-ის, ტიერ2-ისა და განვითარებად გუნდებს, ერთად თამაშის შესაძლებლობა აქვთ. მასში უმეტესად სხვადასხვა ქვეყნების პირველი და მეორე ნაკრებები, ასევე წვეული გუნდები მონაწილეობენ. გარდა ამისა, ტურნირის ფარგლებში, კვირის განმავლობაში, გუნდებს აქვთ ერთობლივი ვარჯიშების ჩატარების და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში, მათ განვითარებაში ეხმარება.
საქართველოს 7-კაცა და 7-ქალა ნაკრებებს, რომლებიც შესაბამისად რაგბი ევროპის ჩემპიონატისა და ალაფისთვის ემზადებიან, ტურნირის ფარგლებში 6-6 თამაში ექნებათ.
ჰაგუენაუს კაცთა ტურნირში, საქართველოს ნაკრებთან ერთად ითამაშებენ: ახალი ზელანდია, ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, რასინგ92, მონაკო, ბელგია, იტალია, პაციფიკ ტოა (საფრანგეთის პრო დე2-დან), რეგიონის „ოლ სთარი“ და რ10 (ბლიცბოკი+ბარბაროსები).
ქალთა ტურნირში ჩვენს გოგონებთან ერთად ითამაშებენ: რაგბი10 (შავი ფერიები, აშშ და ავსტრალია), დანია, პოლონეთი, გერმანია, ბელგია, ჩეხეთი და კანადა.
შეგახსენებთ, მანამდე, 1 მაისს, საქართველოს 7-ქალა პირველ მოსამზადებელ ტურნირს მონაკოში ითამაშებს, ჰაგუენაუდან კი ხორვატიაში, მაკარსკაში გაემგზავრება, სადაც 5-7 ივნისს რაგბი ევროპის ალაფის პირველ ეტაპზე ითამაშებს.
რაც შეეხება 7-კაცას, ეს მისი პირველი მოსამზადებელი ტურნირია. ჰაგუენაუდან ჩვენი გუნდი პორტუგალიაში გადაინაცვლებს და კიდევ ერთ მოსამზადებელ, ალგარვეს ტურნირში ითამაშებს. მას რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ეტაპი 3-5 ივლისს გერმანიაში, ჰამბურგში ელის.
Rugby.ge
წყარო: Sportall.ge