Site icon sportmedia.live

პირველი ლიგა | ‘ვეფხვები’ დიდ 10-ში დაბრუნდა!

პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ თბილისის ‘ლოკომოტივს’ პირველი ლიგის ფინალში 27:21 სძლია და 5-წლიანი პაუზის შემდეგ crocobet დიდი 10-ში დაბრუნდა.

 

პატარძეულელებმა მიმდინარე სეზონი მაღალ დონეზე ჩაატარეს და რეგულარულ გათამაშებაში 18-იდან 17 შეხვედრა მოიგეს, ის ერთი კი პირველ წრეში სწორედ ‘ლოკომოტივთან’, მესამე ტურში დათმეს (11:22) და ჯამში 78 ქულით პირველი ადგილი დაიკავეს. მეორე წრეში პატარძეულელებმა რკინიგზელები, რომლებმაც 72 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს, 22:17 დაამარცხეს.

 

ამ გუნდებმა დებულების თანახმად შესარჩევ ფინალშიც ითამაშეს და დაძაბულ მატჩში ‘ლოკომოტივმა’ 17:16 იმარჯვა, რითაც ფინალის საგზური ნაადრევად მოიპოვა, ‘ვეფხვებმა’ კი ‘ფოთს’ წინასწარ ფინალში 20:9 აჯობა და ფინალში კვლავ ‘ლოკომოტივს’ შეერკინა.

 

გორში გამართული შეხვედრა დაძაბული და დრამატული გამოდგა. ნერვიულობის ფონზე, რასაც ძლიერი ქარიც ერთოდა, ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა შეცდომები. გორში გამართულ მატჩში თავდაპირველად ინიციატივას ‘ლოკომოტივი’ დაეუფლა და მე-16 წუთზე ვაჟა რუაძეს ძალისმიერი ლელოთი დაწინაურდა, რასაც ლუკა დემურაშვილის ზუსტი გარდასახვა მოყვა.

 

თითქოს ამას ელოდაო, ‘ვეფხვები’ გააქტიურდა, ტემპს უმატა და რამდენიმე სახიფათო შეტევისა და 5-მეტრიანთან ჯარიმის გათამაშების შემდეგ, ანტონ ცილიკურის ლელოთი და ლაშა გურგენიძის გარდასახვით 25-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის ბოლოს ისევ ‘ლოკომოტივმა’ იმძლავრა, შებრუნებული გადაცემის შემდეგ ჯავა მკულვანიმ ხაზი გაჭრა და მისი ლამაზი ლელო დემურაშვილმა გარდასახა – 14:7.

 

მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი ყამარაულის ოფლოუდის შემდეგ მკულვანიმ თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 14-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა. ამის შემდეგ ‘ვეფხვები’ სრულად დაეუფლა უპირატესობას, 54-ე წუთზე მძლავრი მოლით შეუტია და ირაკლი ხიდეშელმა ის ლელოთი დაასრულა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

 

62-ე წუთზე ლაშა გურგენიძემ კარის წინიდან გატანილი ჯარიმით ჩამორჩენა კიდევ უფრო შეამცირა, 70-ე წუთზე კი რამაზ მაზმიშვილის ლელოთი მატჩში პირველად ‘ვეფხვები’ დაწინაურდა. ამას გურგენიძის ზუსტი გარდასახვა მოყვა. მანვე 78-ე წუთზე კარის წინიდან ჯარიმა გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 27:21 პატარძეულელთა სასარგებლოდ და ახალ სეზონს ის crocobet დიდი 10-ში დაიწყებს.

 

პირველი ლიგის გამარჯვებული თასითა და ოქროს მედლებით რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ დააჯილდოვა. მანვე გადასცა კუთვნილი მედლები თბილისის ‘ლოკომოტივს’ (ვერცხლის) და ‘ფოთს’ (ბრინჯაოს).

 

‘ლოკომოტივი’ crocobet დიდი 10-ის საგზურისთვის კიდევ იბრძოლებს. მას ‘გორთან’ 24-26 აპრილსა და 1-3 მაისს ორრაუნდიანი ბრძოლა მოუწევს. 

 

GBF

წყარო: Sportall.ge

Exit mobile version