სხვა

პირადი რეკორდი მოკლე პროგრამაში! ქართული წყვილი ოქროსთვის იბრძოლებს

მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში ქართულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით მოკლე პროგრამაში კარიერის საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და ოქროს მედლის რეალურ კანდიდატად რჩება.

მეტელკინამა და ბერულავამ ფაქტობრივად უშეცდომოდ ისრიალეს და მსაჯებისგან 79.45 ქულა (44.30 ტექნიკური ელემენტებისთვის + 35.15 პროგრამული კომპონენტებისთვის) მიიღეს, მათი უწინდელი რეკორდი კი 78.83 ქულა იყო.

აღნიშნული მაჩვენებლით ქართველი სპორტსმენები მხოლოდ გერმანულ წყვილს (მინერვა ფაბიენ ჰასე/ნიკიტა ვოლოდინი) ჩამორჩნენ, რომელთაც 79.78 ქულა ერგოთ. მოკლე პროგრამის შემდეგ სხვაობა მხოლოდ 0.33 ქულაა, ეს კი, ფინალური გამოსვლის წინ დიდ ბრძოლას გვპირდება. სავარაუდოა, რომ ჩემპიონობაზე პრეტენზია კანადელებსაც (ლია პერეირა/ტრენტ მიშო) ექნებათ, რომელთაც 75.52 ქულა მიიღეს.

სპორტული წყვილები პრიზიორთა ვინაობას 26 მარტს გამოავლენენ. თავისუფალი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობას 20 საუკეთესო დუეტი მიიღებს, თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება, მეტელკინა და ბერულავა კი ყველაზე ძლიერ ბოლო ჯგუფში გამოვლენ.

შეგახსენებთ, რომ ანასტასია და ლუკა ევროპის მოქმედი ჩემპიონები და ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსნები არიან, შარშანდელ მსოფლიოს პირველობაზე კი, კვარცხლბეკამდე ცოტა დააკლდათ – მე-4 ადგილი დაიკავეს.

როგორც უკვე ვწერდით, დღესვე მსოფლიოს ჩემპიონატში ანასტასია გუბანოვა ჩაება, რომელმაც ქალთა მოკლე პროგრამაში მე-6 შედეგი აჩვენა, თავისუფალ პროგრამას კი 27 მარტს შეასრულებს. ხვალ, ყინულზე საქართველოს კაცთა ნაკრების ლიდერ ნიგა ეგაძესაც ვიხილავთ. შეჯიბრში 36 მონაწილე ჩაებმება, ეგაძე კი ბოლო ექვსეულში იასპარეზებს.

წყარო: Betsson.sport