სხვა

მეტოქეთა მწამებელი ხვიჩა “ენფილდზე”, ხაფანგი ლუის ენრიკესთვის და გამარჯვებაში 100%-ით დარწმუნებული სობოსლაი

დღეს, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში ერთმანეთს „ლივერპული“ და პსჟ დაუპირისპირდებიან და პარიზში უნიათოდ თამაშისა და 0:2 დამარცხების მიუხედავად, მასპინძელთა გუნდი მაინც იმედიანადაა განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, „ფულჰემის“ 2:0 ძლევის შემდეგ, ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებენ. 

 

„წითლების“ ნახევარმცველი დომინიკ სობოსლაი ამბობს, რომ მაყურებლები მეტოქეს წნეხში მოაქცევენ, მათი დახმარებით გმირობას ჩაიდენენ და ამაში 100%-ით დარწმუნებულია. 

 

რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მერსისაიდელთა მეკარე გიორგი მამარდაშვილზე, რომელსაც თანადგომის ნაცვლად, ინგლისური მედია მცირე შეცდომის გამოც აკრიტიკებს. თუმცა, იმ ფაქტსაც აღნიშნავენ, რომ „პარკ დე პრენსზე“ ჩინებულად გაისარჯა.

 

მოწინააღმდეგისგან განსხვავებით „პარი სენ ჟერმენმა“ გასულ უქმეებზე დაისვენა და „ენფილდზე“ მობილიზებული ჩადის. აი, რა თქვა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ: „ამჯერად ძალიან განსხვავებული თამაში იქნება. უნდა გავუძლოთ დაწოლას, შემდეგ ჩვენს ჩვეულ სტილში ვიასპარეზოთ და არა შედეგის შენარჩუნებზე ვიზრუნოთ. ყველაფერი საწყის ხუთ წუთში შეიძლება შეიცვალოს. მნიშვნელოვანი კარგად დაწყებაა, თუმცა ეს საკვანძო მომენტი არ იქნება. ჩემთვის ეს ხაფანგია, ასეთია ფეხბურთი, ყველაფერი უმალ იცვლება. შეიძლება სწრაფი გოლი გაუშვა. სხვაობა (2:0) მცირეა. ვიცით, რამდენად ძნელია აქ თამაში, მაგრამ ეს მოტივაციას გვძენს. რთული შეხვედრა იქნება, ამას თავად ნახავთ. გამოცდილება გაგვაჩნია და დარწმუნებული ვარ, მზად ვიქნებით“.

 

კომენტარი მცველმა აშრაფ ჰაკიმიმ გააკეთა: „ამ ეტაპზე ფავორიტი უბრალოდ არ არსებობს. წარსულთან შედარებით ჩვენი ერთ-ერთი განსხვავება ისაა, რომ ტურნირის გამარჯვებულები ვართ, სწორედ ეს გვმატებს ძალას. ვიცით, რასაც წარმოვადგენთ და რისი მიღწევა შეგვიძლია“.

 

“პარიზიენი“ წერს, რომ პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას სახით ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გუნდებს შორის განსხვავებას ქმნის, კოზირია, ბოლო სამ მატჩში საუკეთესოდ აღიარეს, „ენფილდზეც“ გადამწყვეტი და გოლების თავისი საფირმო აღნიშვნით კვლავ მეურვეთა მწამებელი იქნება. პარიზელთა შემადგენლობაში ცვლილებები მოსალოდნელი არ არის, სიახლე მხოლოდ ტრავმამორჩენილი ბრედლი ბარკოლას განაცხადში ყოფნაა, რომელიც არ არის გამორიცხული შეცვალზე შევიდეს. ერთი სიტყვით, კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან შეუტევს, დეზირე დუე მარჯვნიდან, ცენტრიდან კი – უსმან დემბელე.

 

გუნდების სავარაუდო შემადგენლობები

 

ლივერპული: მამარდაშვილი, გომესი, კონატე, ვან დეიკი, კერკეზი, გრავენბერხი, მაკ ალისტერი, სალაჰი, სობოსლაი, ვირცი, ეკიტიკე.

პსჟ: საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ვიტინია, ნევეში, ზაირ-ემერი, დუე, კვარაცხელია, დემბელე.

წყარო: Sportall.ge