თანამედროვე შერეული ორთაბრძოლების სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლის ჩანიშვნა კვლავ ვერ მოხერხდა. მიზეზი? ისლამ მახაჩევის ძილის რეჟიმი.
ყოველ შემთხვევაში, დაღესტნელი მებრძოლის მენეჯერის ბოლო ინტერვიუდან ნაწილობრივ ამ აზრის გამოტანა შეიძლება. ალი აბდელაზიზის თქმით, UFC-იმ მას თოფურიასთან თეთრ სახლში ბრძოლის შესახებ დაუკავშირდა, მაგრამ წარმომადგენელმა საკუთარ კლიენტს ხმა დროულად ვერ მიაწოდა… რადგან უკანასკნელს ეძინა:
“ისლამის ილიასთან ბრძოლის შესახებ დამირეკეს. შუა დღე იყო, ისლამს ეძინა, მე კი აღფრთოვანებული ვიყავი. მოგვიანებით ისევ დამირეკეს და მითხრეს: ‘დაივიწყე, ბრძოლა არ შედგება’. [ეს იქამდე მოხდა], სანამ ისლამს დაველაპარაკებოდი”.
აბდელაზიზს სჯერა, რომ UFC-იმ ბრძოლის ჩანიშვნა თოფურიას მიერ მოთხოვნილი ჰონორარის გამო გადაიფიქრა:
“რაც ვიცი, ბრძოლაზე უარის თქმის არაერთი გზა არსებობს. მეც შემიძლია ვთქვა: ‘ფრენსის ნგანუსთან ვიბრძოლებ, მომეცით 50 მილიონი დოლარი’. არავის ვადანაშაულებ იმაში, რომ რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავებას ცდილობენ, რადგან მჯერა, რომ ილიას და ისლამის ბრძოლა ყველაზე დიდი ბრძოლაა, რაც UFC-ს შეუძლია ჩანიშნოს. ვფიქრობ, ეს ბრძოლა წელს უნდა ჩატარდეს. მაგრამ რამდენად მართლა სურს ილიას ეს? თუ მას ეს მართლა სურს, ორი რამ უნდა მოხდეს. მან მსუბუქი წონის ტიტულზე უარი უნდა თქვას – არა მგონია, მას ეს უნდოდეს და ამის გამო მას არც ვადანაშაულებ, რადგან მან ეს ტიტული ახლახან მოიგო. მაგრამ ყველა დანარჩენს იმავეს გაკეთება მოუწია და გამონაკლისი არც [ილიაა]. ის ისეთივე მებრძოლია, როგორც ყველა დანარჩენი.
მას ასევე სურს, რომ ბევრი ფული გადაუხადონ. არც ამის გამო ვამტყუნებ, მაგრამ მეც შემიძლია გარკვეული თანხები დავასახელო, რაც UFC-ის [ბრძოლის ჩანიშვნას გადააფიქრებინებს]. შეუძლია თუ არა UFC-ს ამ თანხის გადახდა? რა თქმა უნდა, ბევრი ფული აქვთ. ნებისმიერი თანხის გადახდა შეუძლიათ, თუ მათ ბრძოლის ჩანიშვნა ნამდვილად სურთ, თუ ის მათთვის საკმარისად მნიშვნელოვანია. სინამდვილეში კი, ისლამთან დაკავშირებაც ვერ მოვასწარი.”
აღსანიშნავია, რომ აბდელაზიზის ნათქვამი ნაწილობრივ ემთხვევა თოფურიას მენეჯერის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ორგანიზაციამ მახაჩევთან დაპირისპირებისთვის ქართველს უპრეცედენტოდ დაბალი ჰონორარი შესთავაზა, თუმცა, ამავდროულად, კონფლიქტში მოდის UFC-ის პრეზიდენტის განცხადებასთან, რომ ისლამის და ილიას ბრძოლა დაღესტნელის ხელის ტრავმის გამო ვერ ჩაინიშნა.
მოგეხსენებათ, 15 ივნისს ილია თოფურია თეთრი სახლის ტურნირზე ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდება. ქართველი ჩემპიონისთვის ეს მსუბუქი წონის ტიტულის პირველი დაცვა იქნება.
წყარო: Betsson.sport