სხვა

თბილისის გრანდ სლემი | ორი ბრინჯაოს მედლის შანსი პირველ დღეს

თბილისის გრანდ სლემზე პირველი საშეჯიბრო დღის წინასწარი შეხვედრები გაიმართა და გაირკვა იმ ძიუდოისტთა ვინაობა, რომლებიც ასპარეზობას ფინალურ ბლოკში გააგრძელებენ. მასპინძელთა გუნდიდან ბრინჯაოს მედლებისთვის თორნიკე გიგაური (-66 კგ.) და ნინო ლოლაძე (-57 კგ.) იბრძოლებებ.

თბილისის გრანდ სლემზე ფინალური ბლოკი 17:00 საათიდან დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.

ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს შარშანდელმა ჩემპიონმა, 19 წლის გიგაურმა თბილისურ ტურნირში გამოსვლა მეორე წრიდან დაიწყო. თორნიკემ გზიდან ჯერ უზბეკი აბდურაახიმ ნუტფულოევი, შემდეგ კი ყაზახი აკილჟან ჟუბატკანოვი ჩამოიცილა, 1/4-ფინალში კი რუსი რამაზან აბდულაევი ვაზარით დაამარცხა. სამწუხაროდ, გიგაურმა ნახევარფინალში აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვის ბარიერი ვეღარ დაძლია, რომელთანაც ჯერ იუკოთი აგებდა, შემდეგ კი იპონზე დავარდა. თორნიკე ბრინჯაოსთვის კვიპროსელ პეტროს ხრისტოდოულიდეს შეხვდება.

ნინო ლოლაძემ სტარტზე ლიხტენშტეინის წარმომადგენელ ლეა ვისს აჯობა, შემდეგ კი ხორვატ ანა პულიზს სძლია. 21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხრედფინალში ისრაელელ ინბალ შემეშთან წაგების შემდეგ, რეპეშაჟში სერბ მარიცა პერიშიჩს მოუგო. ლოლაძის მეტოქე ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ფინელი პიჰლა სალონენი იქნება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, თბილისის გრანდ სლემზე (20-22 მარტი) გუნდი გადახალისებული შემადგენლობითა და ლიდერების გარეშე, 42 ძიუდოისტით გამოდის. ტურნირის პირველ დღეს ტატამიზე ლუკა გადელია, გიორგი ჩანქსელიანი, მათე გოგობერიშვილი, გიორგი არაბიძე (ყველა -60 კგ), თემურ ნოზაძე, ლაშა ნადირაძე, თორნიკე მაზიაშვილი, თორნიკე გიგაური (ყველა -66 კგ), თამარ გიგოლაევი, მარიამ ზაქარაია (ორივე -48 კგ), ნინო თათრიშვილი, ელენე გვაზავა (ორივე -52 კგ), ნინო ლოლაძე და სოფიო ბედოშვილი (ორივე -57 კგ) გავიდნენ.

წყარო: Betsson.sport