ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მატჩების დროც მალე დადგა. ჩვენი მთავარი ინტერესი ამჯერად ინგლისისკენაა, სადაც “ლივერპული” პსჟ-ს უმასპინძლებს – დღეს, 23:00 საათზე. მოგეხსენებათ, პირველი დაპირისპირება პარიზელებმა (2:0) მოიგეს.
ლივერპულელებს საკუთარ მოედანზე არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაუტარებიათ და ჩამორჩენის გაბათილება მოუხერხებიათ, მაგრამ შეუძლია თუ არა ეს დღევანდელი ფორმისა და შემადგენლობის გუნდს?! გასათვალისწინელებია, რომ ლუის ენრიკეს ბიჭები კონტრშეტევებზე შეუჩერებლები არიან და მოსაგებად “დაგეშილი” მასპინძლების დასჯა შეუძლიათ. “ლივერპულის” ერთ-ერთი მთავარი იმედი სწრაფი გოლი უნდა იყოს.
ხვიჩა კვარაცხელია კვლავ ეცდება, გიორგი მამარდაშვილის კარი აიღოს. “კვარას” უკვე პრეტენზია აქვს, სეზონის საუკეთესოებისთვის იბრძოლოს, ამას თავადაც გრძნობს და ამისთვის არაფერს დააკლებს. თავისი დასამტკიცებელი “მამარდასაც” აქვს, კრიტიკოსებს სათქმელი რომ არ დაუტოვოს.
სტუმრად ლივერპულელებმა საგოლე შანსი საერთოდ ვერ შექმნეს, “ენფილდზე” კი სხვა სიტუაცია უნდა იყოს. ბოლო ინგლისურ მატჩში მოჰამედ სალაჰი კარგად გამოიყურებოდა. კაცი, ვისაც პარიზში დრო საერთოდ არ მიეცა. მშვენიერი იყო რიო ნმუგოჰა, თუმცა 17 წლის ფეხბურთელი ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში სასტარტოში რამდენად იქნება, გადაჭრით თქმა რთულია.
ბოლო დროს პსჟ სტუმრად ისე იგებს, გოლსაც არ უშვებს (ნიცა და ჩელსი) და ვნახოთ, ამჯერად რა იქნება.
ბარკოლას ოპერაცია აღარ დასჭირდა და ლუის ენრიკეს გუნდს ის უფრო მალე უბრუნდება, ვიდრე რუისი. სავარაუდოდ, ლივერპულელთა მარჯვენა მცველად ამჯერად სობოსლაი ითამაშებს და რამდენად მოახერხებს ის ხვიჩა კვარაცხელიას შეჩერებას, ერთად ვნახავთ.
მთავარი მსაჯი იტალიელი მარიანი იქნება, “კვარასთვის” კარგად ნაცნობი და იღბლიანი.
სავარაუდო შემადგენლობები
ლივერპული: მამარდაშვილი – სობოსლაი, კონატე, ვან დაიკი, კერკეში – გრავენბერხი, მაკ ალისტერი – სალაჰი, ვირტცი, ნგუმოჰა – ეკიტიკე;
პსჟ: საფონოვი – ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში – ვიტინია, ზაირ-ემერი, ნევეში – დუე, დემბელე, კვარაცხელია.
დღეს, 23:00 სთ
ატლეტიკო – ბარსელონა (პირველი მატჩი 2:0).
ოთხშაბათი, 23:00 სთ
ბაიერნი – რეალი (2:1); არსენალი – სპორტინგი (1:0).
წყარო: Sportall.ge