გიორგი აბუაშვილმა მეცის მაისურით გოლი ამხანაგურ შეხვედრაშიც გაიტანა. ლიგა 1-ის გუნდმა, რომელიც ფრანგული ელიტიდან გავარდნის მთავარი კანდიდატია და წელს ოფიციალური მატჩი არ მოუგია, სანაკრებო პაუზის პერიოდში ხასიათის გამოკეთება ბელგიის რანგით მეორე დივიზიონის სერენთან სპარინგში გადაწყვიტა. მაგრამ არ გამოუვიდა. მეცმა ფარმკლუბთან ანგარიშით 1:2 წააგო.
სერენთან დაპირისპირებაში მეცის ქართველი ლეგიონერებიდან მხოლოდ აბუაშვილმა ითამაშა. 23 წლის შემტევმა ანგარიშის გახსნა მატჩის 65-ე წუთზე მოახერხა, მაგრამ დარჩენილ დროში ბელგიელებმა ფრანგებისთვის ორი გოლის გატანა და მოგება მაინც მოახერხეს.
მეცის განაცხადში არ ყოფილა გიორგი ქვილითაია, ხოლო გიორგი წიტაიშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია ისრაელსა და ლიეტუვასთან ამხანაგური მატჩებისთვის მიწვეული.
გიორგი აბუაშვილი მეცის ღირსებას სეზონის ბოლომდე იჯარით იცავს. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდის ღირსება ლიგა 1-ის 18 თამაშში დაიცვა და 2 გოლი გაიტანა. კიდევ ერთი მატჩი მან საფრანგეთის თასის გათამაშებაშიც ჩაატარა.
ბენუა ტავენოს გუნდს ლიგა 1-ში ჩატარებულ 27 თამაშში 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 ადგილზეა. სანაკრებო პაუზის შემდეგ, 5 აპრილს, მეცი საკუთარ მოედანზე ნანტს მიიღებს.
წყარო: Betsson.sport