27 წლის ქართველმა კალათბურთელმა გიორგი ბეჟანიშვილმა, რომელიც NBA-ს G ლიგაში ვინდი სიტი ბულსის (ჩიკაგო ბულზის სარეზერვო გუნდი) ღირსებას იცავს, ზედიზედ მე-4 ორმაგი დუბლი შეასრულა.
ბულსმა ამჯერად კაპიტალ სიტისთან წააგო (122:133), თუმცა, ბეჟანიშვილს შედეგიანი თამაში ჰქონდა: სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 42:08 წუთში 22 ქულა, 12 მოხსნა (5 შეტევაში), 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 11-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და ერთი პერსონალური ფოლი მიიღო.
მორიგი ფენომენალური თამაში ჰქონდა ბულსის ვარსკვლავ მაკ მაკლანგს, რომელმაც 40 ქულა (10-დან 6 სამქულიანი), 11 პასი და 5 მოხსნა მითვალა.
აღსანიშნავია, რომ ქართველმა ლეგიონერმა ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტი სათამაშო დრო მიიღო, 22 ქულა კი მისთვის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ამაზე მეტი (24 ქულა) მხოლოდ ერთხელ, იანვრის მიწურულს ჰქონდა გრინსბოროსთან.
საერთო ჯამში, ბეჟანიშვილს G ლიგაში 46 მატჩი აქვს ჩატარებული, მისი საშუალო სტატისტიკა კი ასე გამოიყურება: 28.4 წუთი, 10.7 ქულა, 6.5 მოხსნა, 2.4 პასი.
ვინდი სიტის 14 მოგების წილ 16 მარცხი მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 21 მარტს ისევ კაპიტალ სიტისთან ჩაატარებს და რევანშის აღებას ეცდება.
წყარო: Betsson.sport
